ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) დღეს ალენ ბერსეტი (შვეიცარია) ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩია.
ბერსეტმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა უმრავლესობა (114 ხმა) მიიღო. დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ინდრეკ საარმა (ესტონეთი) და დიდიე რეინდერსმა (ბელგია) 85 და 46 ხმა დააგროვეს.
ალენ ბერსეტი შვეიცარიის მთავრობის წევრი გახლდათ 2012 წლიდან 2023 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. კერძოდ, 2018 და 2023 წლებში. როგორც მინისტრი, ბერსეტი სათავეში ედგა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. მთავრობაში მოსვლამდე, 2003 წლიდან 2011 წლამდე, ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი გახლდათ. 2008-2009 წლებში, ის შტატების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატას) თავმჯდომარეობდა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დღემდე იყო მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. ბერსეტი მოვალეობის შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება.