27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს.
„აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში.
ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა,” - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
თავის მხრივ, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
„არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა დარჩიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იყო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
მინისტრის განცხადებით, აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე აღნიშნულ პროექტში, ასევე აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში.
„ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.
თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება.
მისი თქმით, დარჩიაშვილთან საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები.
„დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც აქამდე მიღწეული შედეგები, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ინტენსიური თანამშრომლობისა და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. 2023 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. მთავრობათაშორის მჭიდრო ურთიერთობა არის ყოველთვის,“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ბაქო საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აქტიური საკითხები განიხილოს.
„ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგს წარმართვა. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო ურთიერთობის დონეზე, მაგალითად, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ასევე, სხვა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრე. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო იურიდიული ნორმების ფარგლებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმებს გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი პლატფორმაც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ფორმატი,“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.