14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო.


აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.


საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.


სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო. ათაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის არიან აითაჯის დედა და ბიძა.