აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ ეს წვრთნები ახლა დაგეგმილი იყო 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე.


„შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო. NOBLE PARTNER-ის გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს, ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს, მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში. შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.


„შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.


ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის, წვრთნების - AGILE SPIRIT-ის ჩატარებას 2025 წელს,“ წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქართული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.“


თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025.“

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.


საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ საქართველომ გასულ წელს მეთერთმეტედ უმასპინძლა.

შეგხსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“