„ბურთი აშშ-ის მოედანზეა“ - სომხეთი ატომური სადგურის მშენებლობის პროექტზე აშშ-სთან მოლაპარაკების არსებით ეტაპზე გადავიდა

„სომხეთი შეერთებულ შტატებთან ერთად განიხილავს ახალი ატომური სადგურის ამერიკული ტექნოლოგიით აშენების შესაძლებლობას, რომელიც მის მოძველებულ ობიექტს ჩაანაცვლებს,“ განაცხადა ოთხშაბათს სომეხმა მაღალჩინოსანმა.


„ჩვენ შევედით ძალიან არსებით ფაზაში. ჩვენ ახლა განვიხილავთ შეერთებულ შტატებთან საკანონმდებლო ბაზის შექმნას. საკანონმდებლო ბაზის გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა. ჩვენ ველით, რომ ისინი გაივლიან შიდა პროცედურებს, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას,“ - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ერევანში, სომხეთი-აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის თემაზე გამართული დისკუსიისას.


სომხეთის ქალაქ მეწამორის ატომური სადგური, რომელიც სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40 პროცენტს გამოიმუშავებს,  ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა და ის 2036 წელს უნდა დაიშალოს. სომხეთის მთავრობამ 2022 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ ამ დროისთვის ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავდა.


შეერთებულმა შტატებმა ამბიციური პროექტის მიმართ ინტერესი დააფიქსირა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ქვეყნებს შორის "სტრატეგიული ბირთვული თანამშრომლობის" შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2022 წლის მაისში მოაწერეს ხელი.


ერთი წლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ვაშინგტონი სომხეთში მცირე მოდულური რეაქტორებით აღჭურვილი ატომური სადგურის აშენების მიზანშეწონილობას „აფასებს.“ მისი თქმით, ამერიკულ ტექნოლოგიას შეუძლია, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს.


პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის სამთავრობო დელეგაცია მალე ეწვეოდა შეერთებულ შტატებს ადგილობრივი SMR-ების გასაცნობად. 2023 წლის ივნისში ფაშინიანმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ახალი ობიექტის, მათ შორის, SMR-ების (მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორები) მშენებლობის სხვადასხვა ვარიანტის შესწავლა დაევალა და მისი დასკვნები პრემიერ-მინისტრის ოფისს ორი თვის განმავლობაში წარედგინა.


მას შემდეგ მსგავსი დასკვნები არ გახმაურებულა. მიმდინარე წლის მაისში ფაშინიანის მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან. სხვა დეტალბი მას არ დაუზუსტებია. ამერიკული კომპანია NuScale Power Corp-ი ამერიკის პირველი SMR (მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორები) სადგურის აშენებას აიდაჰოში, 2030 წლისთვის გეგმავდა. თუმცა კომპანიამ პროექტი გასული წლის ნოემბერში გააუქმა და განაცხადა, რომ ვერ მოიზიდა საკმარისი კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის შესყიდვით დაინტერესდებოდნენ. NuScale-მა 2023 წლის იანვარში, პროექტის ღირებულება 5,3 მილიარდი დოლარიდან 9,3 მილიარდ დოლარამდე დააკორექტირა. შესწორებული მაჩვენებელი სომხეთის წლიურ სახელმწიფო ბიუჯეტს აღემატება.


შეგახსენებთ, ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ-ში აცხადებდნენ, რომ მიესალმებოდნენ ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ეს კომენტარი Europetime-მა გასული წლის მაისში მოიპოვა იმ ფონზე, როდესაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავდა.


  • ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის კრიზისის გადაჭრის მხარდასაჭერად,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


ცნობისთვის, მედია გასულ წელს წერდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავდა. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, ქვეყნები შესაძლოა, რუსეთისგან და ჩინეთისგან ენერგეტიკულად უფრო მეტად დამოუკიდებელი გახადოს.