მეთიუ მილერი: ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

„ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა,“ - განაცხადა მილერმა.

საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვას მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება.“