საქართველოში ჩართულობაზე „აბსურდული ბრალდებების“ საპასუხოდ, ვაშინგტონი მოსკოვს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახსენებს

აშშ-ში გამოეხმაურნენ ვაშინგტონის მიმართ კრემლის ბრალდებებს და მას აბსურდული უწოდეს. ტრადიციულ ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჰკითხეს რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე.


„ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ავრცელებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად მცდარი და აბსურდულია. მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის - რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს, ამ აბსურდული ბრალდებებით გამოდის სხვა ქვეყნის მიმართ,“ აღნიშნა მილერმა.


რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დღეს ამტკიცებდა, რომ ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ.