გერმანიის ელჩი: გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ

გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისულების რიტორიკა, ამასთან, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ელჩის სიტყვებს რადიო თავისუფლება ციტირებს.


ელჩმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სივრცე“ და ამ სივრცეში გაწევრიანებისთვის ფანჯარა საქართველოსთვის გაიღო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ „მაგრამ შეიძლება, ფანჯარა დაიხუროს ისევ. ფანჯრები მუდამ ღია ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკა იცვლება."

„არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა, გაწევრიანდეთ გლობალური მშვიდობის პარტიაში, იმიტომ რომ, ეს არის ის რასაც ევროკავშირი წარმოადგენს,“ აღნიშნა ელჩმა.


ფიშერის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ახლა ესა ევროკავშირის პოლიტიკა.“ მისი თქმით, აშშ-თან ერთად გერმანია საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაგრამ ახლა პროცესი გადახედვის ეტაპზეა.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ, გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის.


მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ, საჭიროა გამეორება, რომ დახმარება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ, ზუსტი რიცხვები არ მაქვს. მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია რაც არ მიემართება სახელმწიფოს. ასევე, გერმანელმა სამხედრობმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო,“ განაცხადა პეტერ ფიშერმა. 

გერმანია „შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.“


პეტერ ფიშერის სიტყვებით, ის არასოდეს გამხდარა ისეთი პოლიტიკური რიტორიკის ცვლილების მომსწრე როგორც ახლა საქართველოში ხედავს.

„მე მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ. არის ზოგი ობიექტური ფაქტი, რომლის ჩამოთვლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ გამჭვირვალობის კანონი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს... საკანონმდებლო აქტები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დიდად თანხვედრაში არ მოდის. თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება... პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი , აშშ-ც კი. საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად, ფანტასტიკური პარტნიორობიდან, როგორღაც ძალიან გასაკვირად ახლა ვართ საშიშები, ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ კვებას პარტნიორობას,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა.


დღესვე, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს.

„ევროპულმა საბჭომ, ე.ი. 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენ წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით, ჩვენ გვინდა წინსვლა, თუმცა გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.


რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალმხრივი და ღრმა ურთიერთობები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვართ განვითარების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი დონორი საქართველოში.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი". ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო.


განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს. მოკლედ: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ. მაგრამ თქვენ იცნობთ ამ პროცესს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, ვერ შეძლებთ გაწევრიანებას. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქართველი მეგობრები უნდა დაფიქრდნენ, მნიშვნელოვანია თუ არა ევროკავშირი მათთვის, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. თუ გსურთ ევროკავშირში ყოფნა, უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს კურსს,“ განაცხადა ფიშერმა.


27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, კერძოდ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის დამტკიცება კომისიის მიერ შეფასდა უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.