USAID-ის განცხადებით, ამ კვირაში სომხეთში მოგზაურობისას სამანტა პაუერმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ გამოაცხადა, რაც შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ასახავს.
ადმინისტრატორმა გამოაცხადა 11,9 მილიონი აშშ დოლარის ახალი დაფინანსების შესახებ, რაც მოხმარდება ციფრული ტრანსფორმაციის, კვების უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და რისკის შემცირების მიმართულებას. წელს შეერთებული შტატების მთავრობამ 65 მილიონ დოლარის დახმარება უკვე გამოაცხადა.
USAID-ის ადმინისტრატორმა პაუერმა და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა მხიტარ ჰაირაპეტიანმა USAID-თან და Amazon Web Services-თან (AWS), ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს, რისთვისაც USAID $5 მილიონს ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი საწარმოების მხარდასაჭერად და სომხეთის მთავრობის ამბიციური ციფრული ტრანსფორმაციის ძალისხმების გასაძლიერებლად გამოყოფს.
„ეს კოორდინაცია არის USAID-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი კერძო სექტორში ინვესტიციებისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად და არის EDGE ფონდის ნაწილი, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად დაიწყო. სომხეთის მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია სომხეთის მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა მხარდაჭერის გაუმჯობესებას და სომხეთის, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიციის შემდგომ გაძლიერებას,“ წერს USAID.
„ადმინისტრატორმა პაუერმა ასევე გამოაცხადა $500,000 დამატებითი დაფინანსება კატასტროფების რისკის შემცირებისა და საზოგადოების დონეზე საგანგებო მზადყოფნის ღონისძიებების მხარდასაჭერად. ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საზოგადოებებს, უკეთ მოემზადონ მრავალი საშიშროების რისკებისთვის, როგორიცაა, წყალდიდობა და მეწყერი, მონაწილეობითი რისკის შეფასების მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებითა და რეაგირებისთვის ტრენინგებით. ის ასევე გააუმჯობესებს კატასტროფების მართვის ადგილობრივ შესაძლებლობებს ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებით, მათ შორის, სირენებისა და ვიზუალური სიგნალიზაციისა და ასეთი სისტემების გამოყენების შესახებ ტრენინგებით.
USAID ასევე გამოყოფს 3 მილიონ აშშ დოლარს უკვე გამოცხადებულ თანხებში სომხეთის მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა გააძლიეროს მათი საკომუნიკაციო სისტემები, შესაძლებლობები და პრაქტიკა. USAID რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას მტკიცედ მოპოვებული დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებაში, ყველასთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად,“ წერს აშშ-ის განვითარების სააგენტო.
USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს სომხეთის პრემიერმაც უმასპინძლა. ფაშინიანის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში USAID-ის მიერ განხორციელებულ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მტკიცედ გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს რეფორმების მიმართულებით.
ასევე წაიკითხეთ: