აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმა 17-19 ივნისს ერევანში ჩადის.
სომხეთში მისი ვიზიტის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს აშშ-სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში, რომელიც დემოკრატიის საკითხებს ეხება.
ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.
„ეს ვიზიტი ასახავს ჩვენს განზრახვას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები სომეხ ხალხთან,“ აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
მდივნის მოადგილე ვერმა სახელმწიფო და ადგილობრივი ოფიციალური პირების დელეგაციას უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფში შედიან კალიფორნიის, კანზასის, მიჩიგანის, მონტანის და პენსილვანიის წამომადგენლები.
ვერმას ასევე თან ახლავს სპეციალური წარმომადგენელი საქალაქო და სახელმწიფო დიპლომატიის საკითხებში ნინა ჰაჩიგიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ახალ სუბნაციონალურ დიპლომატიის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში. ამერიკელ დიპლომატთან ერთად სომხეთში ასევე ჩადის სპეციალური წარმომადგენელი კომერციულ და ბიზნეს საკითხებში სარა მორგენთაუ. დელეგაცია შეხვდება საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, უფრო ადრე სომხეთში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენი ჩავიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული დიალოგის მთავარი შეხვედრის ერევანში გამართვის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ახალ იმპულსს მისცემს მრავალსექტორული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის თანმიმდევრულ მხარდაჭერას სომხეთში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მიმართ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია 5 მაისს ბრიუსელში გამართული სომხეთ-ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელება.
ჯეიმს ო’ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომა ეფექტიანად ჩატარდა და დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების ხელშეწყობაში. მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების, ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, სომხეთის მთავრობის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი და მისი პრინციპები.