NATO ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას. NATO-ს 75 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს იმართება ვაშინგტონში. დეკლარაცია მიესალმა გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინაში NATO-ს უმაღლესი წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს.
„სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარეშე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი NATO-შია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საჭირო დემოკრატიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეფორმების მიმართულებით.
რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, NATO-ში გაწევრიანების ჩათვლით. ვადასტურებთ, რომ NATO-ში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულებულ იქნება საამისო პირობები,“ წერია დეკლარაციაში, რომელიც ოთხშაბათს, 10 ივლისის საღამოს გამოქვეყნდა.
მისივე თანახმად, NATO და NATO-უკრაინის საბჭოს სამიტის გადაწყვეტილებები, მოკავშირეების მიმდინარე მუშაობასთან ერთად, წარმოადგენს ხიდს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის პროგრესის მხარდაჭერას თავსებადობის სფეროში, ასევე დამატებით დემოკრატიულ და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში, რომელთა შეფასებას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტზე განაცხადა, რომ დეკლარაცია აჩვენებს; „ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.“
დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას მომავალ წელს სულ მცირე 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია.
დეკლარაცი აღნიშნულია, რომ NATO უკრაინაში ომისთვის სრულ პასუხისმგებლობას ანიჭებს რუსეთს და მოუწოდებს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
ამავე დროს, დეკლარაციის თანახმად, NATO მზადაა, მოსკოვთან კავშირების არხები შეინარჩუნოს უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
დეკლარაციაში საუბარია ასევე NATO-სთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე, ვინაიდან, დოკუმენტის თანახმად, იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ალიანსი მიესალმება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში.
NATO-ს დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობი ხდება, ასევე, ის კვლავაც სისტემურ გამოწვევებს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
დეკლარაციაში ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საქმიანობის გამო კოსმოსის ათვისების სფეროში. ის მოუწოდებს პეკინს, ჩაერთოს სტრატეგიული რისკის შემცირების თაობაზე დისკუსიაში.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დანიშნავს NATO-ს ახალ მაღალჩინოსანს კიევში, რათა "გააღრმაოს უკრაინის ინსტიტუციური ურთიერთობა ალიანსთან.