საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, დასავლეთის რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს. ამის შესახებ ბორელმა NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ბორელის შეფასებით, დასავლეთმა ნაკლები ინტერესი გამოიჩინა პუტინის ქმედების მიმართაც, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა.
„არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. რომ პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია, იქნება ეს მეფის თუ საბჭოთა იმპერია. ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ საშინელ რეალობაში და ცუდად მომზადებულნი აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი წარმოჩინდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება," - აღნიშნა ბორელმა.