აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც 21 აპრილს, დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშანთვისებებით ვლინდება.
„დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირებას მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის რომ მხარი დაუჭიროთ. რაც შეეხებათ ქართველებს მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა.
სენატორ კუნსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში.
- „ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაეროში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
„მადლობა ქართველებს, რომ ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში ჩვენ გვერდით იდგნენ და თავი გაწირეს... ჩვენ გვინდა, განვაგრძოთ პარტნიორობა წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს საერთო ფასეულობების თანახმად მუშაობას. გვინდა, რომ წინ წავიდეთ... მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია“, - დაამატა კუნსმა.
„დემოკრატია უნდა გაძლიერდეს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიო ერთად დადგეს“, - ამ გზავნილით თავის მხრივ, გარი პიტერსმა ისაუბრა საქართველოში ვიზიტის მიზნებზე. „სწორედ ამიტომ, მინდოდა, ჩამოვსულიყავი აქ ჩემს მეგობრებთან ერთად და გაერთიანებული ხმა მიგვეწვდინდა ხალხისთვის; გვეთქვა, რომ დემოკრატია იქნება ძლიერი და გაერთიანებული. ჩვენ საშინელი აგრესია ვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკრაინელი ადამიანების წინააღმდეგ. უკრაინელები დაუჯერებელ სიმტკიცესა და სიმამაცეს იჩენენ და ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, როგორც ჰუმანიტარული ასევე სამხედრო დახმარებით.
- რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო ამ კვირების განმავლობაში? არამარტო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიამ გაიაზრა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო და უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს პუტინისა და სხვებისგან... გვინდა, რომ მეტი გავიგოთ საქართველოს შესახებ. მინდა, ყველას ვაცნობო საქართველოში, რომ მე მინდა, გაგრძელდეს მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, რომელიც ამდენი ათწლეულია, თქვენთან მშენებლობის პროცესშია", - განაცხადა გარი პიტერსმა.
სენატორმა ბობ კეისმა უკრაინელებისამი ქართველების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
- ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმადაც, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორის მიმართ, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს სჩადის.
კონგრესმენმა დევიდ სისილინმა საქართველოს NATO-ს წევრობის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა.
- მადლობას ვუხდი საქართველოს გაეროს ორ მნიშვნელოვან კენჭისყრაში აშშ-ის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის მიზნით. იმედი გვაქვს, რომ NATO-ს წევრობის მიმართულებით პროგრესს განვაგრძობთ. უნდა განვაგრძოთ დიდი სამუშაოს გაწევა, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. აშშ ამ მიმართულებით თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება.
სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს, რუსეთიდან გადმოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს.
ამავე თემაზე
- სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ
- სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ
- სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ
- სენატორი ბობ კეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით
- პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა