„მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია“ - ბლინკენის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს

აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ­ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია  „ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.


„ვისაუბრე “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია,” - წერს ზეია.


მანამდე ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შეხვდა.

„მადლობელი ვარ საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები ყველასთვის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს,“ დაწერა ზეიამ X-ზე.

პოლიტიკური პლატფორმის - "ერთიანობა" წევრმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ ამერიკელი პარტნიორების ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება - თუ ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, სახელმწიფოებრივად ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით.“


„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა. როგორც მან აღნიშნა, „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტია - „რა თქმა უნდა, აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად, ხოლო ადამიანების უფლებების დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება „მეგობარი აქტი“ და ასევე „ქართველი ხალხის აქტი“, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ.“


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა კი, აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი გზავნილია ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, ზოგიერთი მათგანის მტრად გამოცხადებისა (კალაძეს ვგულისხმობ) არ ტოვებენ ხალხს და ქვეყანას მარტო.“

დღის ბოლოს, ამერიკელი მაღალჩინოსანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უზრა ზეიასთან ქართულ - ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.


„შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო, არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.


შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს.

განიხილეს „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს,“ ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, „საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონპროექტებთან და საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა. ის [ზეია] ნათლად ახსნის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქმედებებმა და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობები დააზიანა.“


„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას და პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებისადმი.

დამატებით, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებისადმი.


სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნდა და იმართება,” - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.