ჯონ ბასი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე, 10 ივლისს განათავსა.

ჯონ ბასის თქმით, „საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ხალხის შესაძლებლობაზე, ილაპარაკონ თავისუფლად, შეიკრიბონ მშვიდობიანად და აირჩიონ თავიანთი ლიდერები.“


NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯონ ბასს 10 ივლისს შეხვდა.

Image

აღნიშნულს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.


„ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, მე ხაზი გავუსვი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის," - წერდა დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.


5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“