27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მის სიტყვებს „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, შეატრიალებს თუ არა კურსს, რათა ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს.
„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში,“ - განაცხადა შერაზ გასრიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
10 ივლისს გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს ბერლინიც გადახედავს.