აშშ უკრაინას $225 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, NATO-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას გააკეთა.


„ორი დღის წინ განვაცხადე უკრაინის საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის ისტორიული შემოწირულობის შესახებ. დღეს სიამაყით ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტის შესახებ. ეს იქნება მერვე პაკეტი, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს,“ – განაცხადა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება მიმდინარე ზაფხულს შეძლოს.


„თქვენ დააკისრეთ რუსეთს მნიშვნელოვანი ხარჯები და ნათლად აჩვენეთ, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაზე, უკრაინა გაიმარჯვებს. მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე,“ – მიმართა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.


თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს უკრაინის სამშვიდობო სამიტის მეორედ ჩატარებაა საჭირო.

დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას და საბრძოლო მასალას. ეს პაკეტი უკრაინას დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს, მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტების ჩამჭრელები, სარაკეტო სისტემები და არტილერიის საბრძოლო მასალა, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

„ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას ფრონტის ხაზზე,“ წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს მოუწოდა, „მოხსნან ყველა შეზღუდვა“ რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაზე. სამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თავდაცვის ალიანსის დახმარება გადამწყვეტია რუსეთის "აგრესიის მადის" შესაჩერებლად.