აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა და განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიიდან ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ, დიდი ხნის ერთგული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ძალიან მომხიბლა ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობამ და სითბომ. მე აქ ვარ გადამწყვეტ მომენტში, განსაკუთრებით რთულ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და აშშ-საქართველოს 32 წლიანი პარტნიორობის დროს. ახლახან დავასრულე შეხვედრა პრემიერ- მინისტრთან, ასევე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიის წარმომადგენლებთან და მე მათ გადავეცი სამი ძირითადი გზავნილი:
პირველი გზავნილია, რომ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, ვართ უაღრესად შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, რაც საფრთხე უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და აზიანებს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ე.წ. უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და, მათ შორის, ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მედიას და მრავალ სხვა სფეროს. სწორედ ამის შედეგად ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა. ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ოპოზიციური პარტიებისა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, მხოლოდ ემსახურება მტრის ინტერესებს.
ჩემი მეორე გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ უკვე მეთექვსმეტე წელია რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოცი პროცენტის ოკუპაციას და ის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
დღეს, ჩემი ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი და გამეცნო მამაცი ქართველი ქალები, რომელთაც ზუსტად პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება და ისინი გახდნენ დევნილები. მე მოვისმინე მათი ამბები, მათი განცდების, ტანჯვის და ამავდროულად, მათი სიმტკიცის შესახებ. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, აშშ გააგრძელებს საქართველოს დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას ასი ათასობით დევნილისთვის.
მესამე და ბოლო გზავნილი არის ის, რომ აშშ 32 წლის განმავლობაში არის საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა მოიცავს ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მხარდაჭერას, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას. ძალიან მკაფიოდ ვიტყვი და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს, თუმცა ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილად კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად, სადაც არ იქნება ძალადობა, მუქარა და დაშინება. ნებისმიერი ტიპის ასეთი ძალადობა უნდა დაიგმოს და იყოს გამოძიებული, შესაბამისად დამნაშავე პირები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლებისა, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ დემოკრატიული პროცესის ურღვევობას.
დასასრულს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველები და ამერიკელები იზიარებენ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომლის საფუძველიც არის ჩვენი სიყვარული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიმართ. ჩვენი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ასობით და ათასობით ქართველმა, სტუდენტმა თუ პროფესიონალმა, მიიღო განათლება აშშ-ში და ყოველწლიურად ასობით ასეთი სტუდენტი თუ პროფესიონალი მიემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. დაახლოებით 6 ათასი ქართველი არის ჩვენი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებული, რომლებიც თავიანთი თემისა და ქვეყნის დინამიური ლიდერები არიან. დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი გამორჩეული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის მონაწილეებს და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ხელს უწყობენ ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას. ჩვენი ხალხთაშორისი კავშირები არის ძალიან მჭიდრო და მტკიცე და მე ეს ძალიან კარგად დავინახე ჩემი ვიზიტის განმავლობაში.
და ბოლოს, გეტყვით, რომ ჩვენი ორმხრივი კავშირების მეშვეობით, ამ უაღრესად რთულ დროს ამერიკის შეერთბული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ არის აბსოლუტურად ურყევი,“ აღნიშნა ზეიამ.
მან ბოლო შეხვედრა პრემიერთან გამართა, რის შემდეგაც სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა: „აშშ რჩება სერიოზულად შეშფოთებული იმის გამო, თუ როგორ უთხრის ძირს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის, ე.წ. უცხოური გავლენის კანონი, ევროკავშირის გზას და ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოასწოროს კურსი და შეასრულოს საზოგადოებრივი მისწრაფებები საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.“