პენტაგონის პრესსპიკერი: გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან

"რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს," ამის შესახებ "ამერიკის ხმას" პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განუცხადა, საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმადაც, დასავლელი პარტნიორები თითქოს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ.


NATO-ს საიუბილეო სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან ერთობლივი, მრავალეროვნული წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ეს პენტაგონის პირველი ოფიციალური ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყო და 30-მდე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა. პენტაგონმა პირდაპირ მიუთითა, რომ "ღირსეული პარტნიორის" 2024 წლის წვრთნების გაუქმების, მისი განუსაზღვრელი ვადით გადადების მიზეზი მმართველი გუნდის მიერ პარტნიორებისთვის „ომში ჩათრევისა“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის დაბრალება იყო.


"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია, აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას.


"სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია," - ამბობს პეტ რაიდერი და აღნიშნავს, რომ ეს მიზანი არა ამერიკას, არამედ - რუსეთს აქვს.


"რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება, გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას," - უთხრა "ამერიკის ხმას" პეტ რაიდერმა.


გენერალ-მაიორი რაიდერი ამბობს, რომ ამერიკა და უშუალოდ პენტაგონი განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას, რათა მათ რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავება უკეთ შეძლონ.


„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბევრ ადგილას ჰიბრიდული ომის [მეთოდებით] - ომის ზღვრამდე არმისული კონფლიქტით. ჩვენ ეს ვიცით. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან რეგიონში, რომ ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. საბოლოოდ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო, სტაბილური, თავისუფალი ევროპა. და როგორც თქვენ NATO-ს სამიტზეც ნახეთ, მოკავშირეები ერთიანდებიან ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის, რუსეთის საფრთხის და მომავალი აგრესიის შეკავების გზების საპოვნებლად," - ამბობს პეტ რაიდერი.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.