საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება

საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. საბორნე მიმოსვლის აღდგენის თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება.


რკინიგზის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაო წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია, შეჩერებულია.


„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებენ ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს," - ვკითხულობთ განცხადებაში.


როგორც საბორნე, ისე სარკინიგზო კავშირები ბულგარეთსა და საქართველოს შორის,  აერთიანებს შავ ზღვაზე გადაზიდული საქონლის ლოგისტიკას. საბორნე მომსახურების აღდგენა ასევე გადამწყვეტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით. 

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა გასული წლის 27 ივნისს დაიწყო.