საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება. ბორანი - „VILNIUS“ 600 საზღვაო მილს 42 საათში დაფარავს. ფოთი - კონსტანცის საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად.
საწყის ეტაპზე კვირაში ერთ რეისს ქართული კომპანია - E60 Shipping Line განახორციელებს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მარშრუტის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებისთვის.
კომპანიის თანახად, გემის მაღალი ნაოსნობისთვის გამოსადეგობა და მისი მნიშვნელოვანი ზომები (სიგრძე 190 მეტრზე მეტი, სიგანე – 28 მ) შტორმის პირობებშიც იძლევა რწევის მინიმიზაციის საშუალებას.
ორ სატვირთო გემბანზე შესაძლებელია ერთდროულად 50 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონის და ТIR-ის 50 დიდ ტვირთიანი ავტომობილის განთავსება.
ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები.
შეგახსენებთ, გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს. მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.
დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.