აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ვაშინგტონი ხედავს, რომ საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია.“
ჟურნალისტმა უწყების პრესსპიკერ მეთიუ მილერს ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხა NATO-ს დეკლარაციაში არსებულ ჩანაწერზე, რომელშიც არ მეორდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი მოკავშირეების ერთგულება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია, ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია, მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე.ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთანაც,” - განაცხადა მეთიუ მილერმა.
- 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციის მსგავსად და 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკესგან განსხვავებით, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. თუმცა იმავე მადრიდის სამიტზე საქართველო NATO-ს მიერ მიღებულ (დეკლარაციის ჩათვლით, რედ.) ორ დოკუმენტში იყო ნახსენები - კონკრეტულად, NATO-ს ახალი, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელსაც NATO ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს, საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.