აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები - პენტაგონის პრესსპიკერი

“საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება,”- ამბობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი და განმატავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. შესაბამის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს.


„ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას, რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი.


ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს, ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,” - განაცხადა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, აღიქვამს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც მეგობრულ ქვეყანას რეგიონში.


თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა მანამდე განმარტა, რომ ამ ეტაპზე “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გადადების გარდა არცერთი ქართულ-ამერიკული პროგრამა არ გაუქმებულა ან შეჩერებულა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.