პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გაბიტაშვილი პარლამენტმა 80- ხმით აირჩია
კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს.
კომიტეტის სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ მისი განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის - სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან.
გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე. „მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა გაბიტაშვილმა.
ახალარჩეული გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ამჟამად პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად თავისუფალია. გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძემ 23 მაისს დატოვა.