ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს COVID19 დაუდასტურდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. პრესსპიკერ კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აქვს. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს.


ბაიდენი იძულებული გახდა, ნევადის შტატში საარჩევნო შეხვედრები ვადაზე ადრე შეეწყვიტა. თვითმფრინავის ტრაპზე ასვლამდე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.


ბაიდენი გუშინ, ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ე.წ. „ბუსტერ“ დოზათაც. ის მანამდე ორჯერ იყო კოვიდინფიცირებული.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანს ქვეყანაში ისევ გაზრდილია COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. 6 ივლისს დასრულებული ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, მატება 23,5% იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. დემოკრატებში შიშობენ, რომ ბაიდენი თავისი მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდება. თავად ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს.