ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა. ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზე განთავსდა.


მისი მიხედვით, „პროექტი ეხება 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის, ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს.“


შაჰინი ითხოვს, რომ 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს დაემატოს G ჩანაწერი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას.

„ქართველი ხალხის აქტი“ ორ ძირითად ნაწილს მოიცავს:

სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის, ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი. ასევე, იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელი; ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.