ალიევი: ვნახოთ, როგორ დასრულდება საგარეო პოლიტიკური მოდიფიკაციები საქართველოსა და სომხეთში, შემდეგ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ

მედიაფორუმის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიის მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ილჰამ ალიევს ჰკითხეს, როგორია მისთვის საოცნებო აზერბაიჯანი და საოცნებო სამხრეთ კავკასია დღეს? მან ახალი ეროვნული კონცეფციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად მიაჩნია. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ თვალს ადევნებს „საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე „საგარეო პოლიტიკურ მოდიფიკაციას.“


„ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ და ყველა ადამიანმა, ვინც ცდილობს, წვლილი შეიტანოს მომავალ განვითარებაში, უნდა განვსაზღვროთ ახალი ეროვნული კონცეფცია. ჩვენ ყველას ერთი და იგივე კონცეფცია გვქონდა განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა და ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ ამას სრულად მივაღწიეთ გასულ სექტემბერში.


რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ოკუპაციას, მსხვერპლს, ჩვენს დიდ გამარჯვებას და მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენ და ჩვენი შთამომავლები ვიამაყებთ ამ გამარჯვებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ თემის ექსპლუატაცია და გამუდმებით მისი  სიმბოლოდ გადაქცევა. წინ უნდა წავიდეთ. და ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა, მივმართე ჩვენს საზოგადოებას, რომ ერთად ვიფიქროთ. მე არ შემიძლია ამის გაკეთება ჩემით. და თუნდაც რამე მომივიდეს თავში, ეს წარმოიქმნება საზოგადოებრივი დებატების, საზოგადოებრივი განწყობის ან მოვლენების შედეგად, რომლებიც ხდება აზერბაიჯანსა და მსოფლიოში. ეს არის პირველი რამ.


დარწმუნებული ვარ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ახალი ეროვნული იდეა ან იდეები, ისინი ვერ იარსებებს გეოპოლიტიკური კონტექსტისგან იზოლირებულად. და გეოპოლიტიკური კონტექსტი მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მკვეთრად შეიცვალა, ალბათ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის გამარჯვება ყარაბაღში, ერთადერთი გეოპოლიტიკური ცვლილება არ არის. ძველი ალიანსები განიცდის ეროზიას და ჩნდება თანამშრომლობის ახალი ფორმატები. შემეძლო, უფრო ვრცლად მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ, გასაგებია რაზეც ვსაუბრობთ.


თუ საუბარია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, თითოეულმა ამ ქვეყანამ განიცადა სერიოზული პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ტრანსფორმაციები - მე ვიტყოდი, რომ კარდინალურთან ახლოსაც კი. აქედან გამომდინარე, ეს არის ახალი ვითარება სამხრეთ კავკასიაში. და ჩვენ ის სწორად უნდა გავიაზროთ.


ამის საფუძველზე და საგარეო პოლიტიკის ვექტორიდან გამომდინარე, რასაც მოჰყვებიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, შესაძლებელი იქნება პასუხის ჩამოყალიბება თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე: როგორი სამხრეთ კავკასია გვინდა, ვნახოთ? რა თქმა უნდა, ყველა იტყვის, რომ ჩვენ გვინდა, ვნახოთ მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია, ომების, კონფლიქტების, ტერიტორიული პრეტენზიების გარეშე, სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი და თანამშრომლობს ერთმანეთთან. მაგრამ ეს ყველაფერი სასიამოვნო სიტყვებია შესაძლოა, სადღეგრძელოსთვის, მაგრამ არა - რეალური პოლიტიკისთვის.


ამ ეტაპზე, როცა საქართველოსა და სომხეთში ყალიბდება ახალი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი, ნათლად უნდა გავიგოთ ის, გავაანალიზოთ და შემდეგ უნდა გადავდგათ ნაბიჯები.


არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რომლებიც ჩართულნი იყვნენ ომებში, ვერ გაჰყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გზას, რომლებიც ღიად არ ომობდნენ ერთმანეთთან.


ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარებაც და პოლიტიკური ურთიერთქმედებაც დღეს თანამშრომლობის მაგალითი შეიძლებოდა, ყოფილიყო. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ ახლა არის შესაძლებლობა.


მაგრამ იმისათვის, რომ ეს მივიღოთ, კიდევ ერთხელ - ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი აქ, აზერბაიჯანში და ბოლომდე ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საგარეო პოლიტიკური მოდიფიკაციები საქართველოსა და სომხეთში, და შემდეგ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა შესაძლებელია და, რა თქმა უნდა - სასურველიც,“ აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.