კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ერთვება

21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ნაციის გასაერთიანებლად, რათა დონალდ ტრამპი დაამარცხონ. ჰარისმა დაამატა, რომ არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ.


CNN-ის და BBC-ს წყაროები ამბობენ, რომ კამალა ჰარისმა მალევე დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები წამყვან დემოკრატებთან, მათ შორის, კანონმდებლებსა და გუბერნატორებთან, ხოლო ჰარისის გუნდმა - ელექტრონული წერილების გაგზავნა საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად.

59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.

ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას.


კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ დემოკრატებმა ჰარისის გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ და არ დაუშვან დიდი საფრთხე - ტრამპის მეორე ვადით არჩევა.

რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის დონალდ ტრამპმა 21 ივლისს CNN-ს განუცხადა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება კიდევ უფრო იოლი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.