აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა. Politico-ს ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა.
მოგვიანებით, ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს. ეს თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია.
„ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს ხშირად მიყვებოდა. ის მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მამა და როგორი ადამიანია ჯო ბაიდენი. თვისებები, რომლებსაც ბო პატივს სცემდა, ის თვისებებია, რომლებსაც მე ჩვენს პრეზიდენტში ყოველდღე ვხედავ, მისი პატიოსნება, მისი რწმენისა და ოჯახის ერთგულება, მისი დიდი გული და ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მე პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ,“ - განაცხადა კამალა ჰარისმა.
კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს კამპანიის პირველი სრული დღეა და დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში მიემგზავრება, სადაც ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო კამპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს.