აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო მდებარეობს რთულ, და კიდევაც საშიშ სამეზობლოში, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეია აცხადებს, რომ კანონპროექტი “MEGOBARI” ნათლად ადასტურებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის გამო ორპარტიული შეშფოთება არსებობს. ამის შესახებ მან civil.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა, როდესაც თბილისში ჩამოტანილ გზავნილებზე მიუთითებდა.


_როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მყიფე რეგიონში, რუსეთის, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს მდებარეობს…ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი აცხადებს, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დღის წესრიგი, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან დაახლოება წარმოშობს პოლიტიკურ არასტაბილურობას და აზიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელსაც უმუშავია კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხებზე და ვისაც ახლა სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პორტფელი აქვს ჩაბარებული, როგორ უპასუხებდით ამ მოსაზრებას?


უზრა ზეია: ჩემთვის ძალიან ემოციური იყო შეხვედრა იმ მამაც ქართველ ქალებთან, რომლებიც რუსეთის აშკარა აგრესიის ფონზე იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, კარ-მიდამოები, ოჯახები. ქართველებმა ძალიან კარგად იციან პუტინის აგრესიის შედეგები, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთმა დაამსხვრია მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ სივრცეში და ამავდროულად, ის ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, ჩვენი პრინციპული მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ, გვთავაზობს განსხვავებულ გზას, რომელიც აძლიერებს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.


  • ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მდებარეობს რთულ, და კიდევაც საშიშ სამეზობლოში, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რათა დაჩქარდეს და გაღრმავდეს პარტნიორობები, რომლებიც რუსული თუ სხვა მავნე განზრახვების წინააღმდეგ უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.