ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტიდან გაიწვიეს სადავო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა.
რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ.
ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „დაძაბულობის მოხსნის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“ და „საზოგადოების აზრის“ გათვალისწინებით.
კანონპროექტმა, ოფიციალური სახელწოდებით „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ“, ოკუპირებბულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კანონის მიღება იქნებოდა „სახელმწიფოებრიობის საფუძველში ჩადებული დემოგრაფიული ნაღმი“. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის „უხუცესთა საბჭო" და „სამამულო ომის" ვეტერანები.
ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღების მოწინააღმდეგე ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ჩვენი ბიჭვინთა" განაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევა დროებითი გადაწყვეტილებაა, ამიტომ დაუყოვნებლივ მოითხოვენ გარანტიებს და მორატორიუმის გამოცხადებას.