„დემოკრატიული ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო, ვალდებულნი არიან, მოუსმინონ თავიანთ ხალხს“ - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში იური კიმმა ოთხშაბათს, 24 ივლისს ისაუბრა ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელ პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიის მიმართ და განაცხადა, რომ რეგიონში სამივე ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.


„პრეზიდენტ ალიევს აქვს ოქროს შესაძლებლობა მსოფლიოსთვის, რომლის წარმომადგენლებიც ბაქოში, ამ წლის ნოემბერში, COP 29-ისთვის ჩავლენ. მან უნდა გადაწყვიტოს, რა არის აზერბაიჯანი - თანამედროვე აზერბაიჯანი - მისი მმართველობის დროს? რა სურს მას, წარუდგინოს მსოფლიოს? ვფიქრობ, მას აქვს დიდი შესაძლებლობა...თუ გამოიყენებს მას,“ განუცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარმა მოადგილემ, იური კიმმა აუდიტორიას Carnegie Endowment of International Peace-ში, გლობალურ ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. კიმმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც რუსეთი ქმნის მის სამეზობლოში და რომ „რუსეთის ყველა მეზობელს „ცალი თვალით უნდა ეძინოს.“


რაც შეეხება სომხეთს, კიმის შეფასებით, „გონივრულია, რომ ერევანმა ალტერნატივები ეძებოს.“

„სომხეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან უარესდება. შენ ცხოვრობ იქ, სადაც ცხოვრობ და უნდა ისწავლო მეზობელთან ცხოვრება. ეს არ შეიცვლება... ჩვენ ძალიან გვსურს, რაც შეიძლება მეტად დავუჭიროთ მხარი სომხეთის ძალისხმევას ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის, გააძლიეროს მისი უნარი, უზრუნველყოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა თავისი ხალხისთვის,“ აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


საქართველო

კიმმა საქართველოს მიერ ახლახან მიღებულ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე განაცხადა, რომ „დემოკრატიული ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო, ვალდებულნი არიან, მოუსმინონ თავიანთ ხალხს.“


„და მათი ხალხი თანმიმდევრული და აბსოლუტური იყო იმაში, რომ მათ სურთ ევროპასთან ყოფნა - არამხოლოდ ეკონომიკის ინტეგრაციის, არამედ, ინსტიტუციური კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც ქართველებმა ახლახან მიიღეს უცხოელ აგენტებზე, არის ზუსტად არასწორი საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე, რომელიც არსებითად ბაძავს კრემლს... ეს ისეთი ცუდი კანონია...“ აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


კიმმა განმარტა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სამწუხარო იყო, რადგან საქართველო რეგიონში ოდესღაც ლიდერი იყო.

 „ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენი სიახლოვე და ჩვენი კავშირი ქართველ ხალხთან რჩება ისეთივე მჭიდრო, როგორც არასდროს, მაგრამ ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით,“ აღნიშნა იური კიმმა.


„როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ „გლობალური ომის პარტია“არსებობს რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა,“ - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.


იური კიმმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთი რამ განაცხადო და მეორე გააკეთო.

„არ შეიძლება, განაცხადო, რომ შენ შენს ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში და აშშ-სთან მყარი ურთიერთობა გსურს, და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს. ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული,“ - აღნიშნა კიმმა.


„რუსეთი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეიჭრა, გარდა ისტორიის უცნაური შეცვლის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს.


გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ გონივრულია მეგობრობის მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს,“ მიიჩნევს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე.


მან ჩინეთზეც ისაუბრა. „უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიას, სესხებს, ვალის ხაფანგს, ინფრასტრუქტურის პროექტებში მის მონაწილეობას, რათა დამოკიდებულებები შექმნას, რასაც საბოლოოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებელი არ მოაქვს და რაც ფაქტობრივად, მათ ზიანს აყენებს. ჰკითხეთ მონტენეგროელ ხალხს, როგორი იყო ვალის ხაფანგში მოხვედრა. ჰკითხეთ შრი-ლანკას. ეს სია გრძელია. ჰკითხეთ რეგიონში მეზობლებს, როგორია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა“, - აღნიშნა კიმმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.