ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.


„სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა,“ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.