ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, თურქი და სომეხი დიპლომატები 30 ივლისს ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვრისპირა არეალში შეხვდნენ. ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაცხადეს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, რუბენ რუბინიანი და სერდარ ქილიჩი, წარმომადგენლები ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარების სფეროში, შეთანხმდნენ, რეგიონულ გარემოებებთან შესაბამისად შეაფასონ ტექნიკური საჭიროება, რაც უზრუნველყოფს სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტის, ახურიკ/ალიაქას მუშაობას.
მარგარა-ალიჩანში გამართული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ რუბინიანი და ქილიჩი შეთანხმდნენ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის სავიზო პროცედურების შემსუბუქებაზე.
სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარების მიზნით, შეთანხმდნენ პროცესის გაგრძელებაზე რაიმე პირობების გარეშე.
ბოლო შეხვედრაზე, ვენაში, მხარეებმა სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ამას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 ივლისს ეწვია გამშვებ პუნქტ მარგარას (თურქ. ალიჩანი), რომელიც შეაკეთეს ამოქმედების მოლოდინში.
სომხეთი აცხადებს, რომ ერევანი ესწრაფვის თურქეთთან ურთიერთობის სრულ ნორმალიზებას, საზღვრების გახსნის და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ჩათვლით.