შაჰინი საქართველოს საკითხზე: მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი მკაფიო იყოს იმის შესახებ, რომ ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად," - განაცხადა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით.


სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ "ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება" და იმედოვნებს, რომ "საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია."


სენატორის თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს "ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც იქ, [საქართველოში] ეს ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია."


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა. მან ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.


ამერიკის ხმის ცნობით, კანონმდებლებს აინტერესებდათ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავდნენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.


განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე.


სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, საქართველოს შესახებ ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც.

სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ სურს, ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი.“


რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა.