კობახიძე: ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

„ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.


„ხაზარაძე როდესაც საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ხედვას – ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება,“ – განაცხადა პრემიერმა.


ცნობისთვის, ჯეიმს ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან, რისთვისაც სამ ნაბიჯზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა, ის, რომ „არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.“


„თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა - რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი.