ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს, 31 ივლისს განაცხადა, რომ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შემდეგ, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობის "ანტიდემოკრატიულ ქმედებებს" უკავშირებს.


ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.


„23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონი დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.


საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.


ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით,” - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა  სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია.


მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.