ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები დასრულდა და სამშენებლო სამუშაოს შესასრულებლად ბელგიური კომპანია შეირჩა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის მოგება "სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო."
„სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულდება საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის იმისათვის, რომ მას განეხორციელებინა პროექტი, თუმცა თქვენ იცით, რომ კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფონზე, მათ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და საბოლოოდ, დადგინდა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობა იუსტიციის სამინისტროს ამისათვის.
გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. საერთაშორისო ტენდერები დასრულდა. შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პორტის განვითარება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბელგიური კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. "ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში."
"ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.