ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში ინვესტირება გააუმჯობესებს სახმელეთო კავშირს ევროკავშირთან. ამის შესახებ მან ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ნურტლეუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დაკავშირებადობა კიდევ ერთი საკვანძო სიტყვაა. ეს ორმხრივი ინტერესის სფეროა. მომავალი ინვესტიციები გააძლიერებს სახმელეთო კავშირს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მხარდაჭერით," - განაცხადა ბორელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ჰორიზონტალური საავიაციო შეთანხმება, რომელიც თითქმის მზადაა, გაზრდის საჰაერო კავშირს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის.
„ჩემთვის ადვილი იქნება თქვენთან სტუმრობა და ევროპელებს კი მეტი საშუალება ექნებათ, რომ მოვიდნენ და მოინახულონ თქვენი ლამაზი ქვეყანა,“ - აღნიშნა უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.