აშშ ადასტურებს 16 პატიმრის, მათ შორის, კურმაშევას, გერშკოვიჩის, უილანისა და კარა-მურზას გათავისუფლებას

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს რუსეთში უსამართლოდ დაპატიმრებული - ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, საბოლოოდ ბრუნდებიან სახლში, გათავისუფლებულებს შორის არიან პოლ უილანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმერ კარა-მურზა.


ბაიდენის თქმით, „ამერიკა მოლაპარაკებებს აწარმოებდა 16 ადამიანის გათავისუფლებაზე რუსეთიდან, მათ შორის, ხუთი გერმანელისა და რუსეთის შვიდი მოქალაქის, რომლებიც პოლიტპატიმრები იყვნენ საკუთარ ქვეყანაში.“

  • „გარიგება, რომელმაც უზრუნველყო მათი გათავისუფლება, იყო „დიპლომატიის ტრიუმფი.“ ამ ქალებისა და კაცების ნაწილი წლების განმავლობაში უსამართლოდ იყო დაკავებული. ყველამ გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა,“ აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

„მადლობელი ვარ ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ ამ შედეგის მისაღწევად მკაცრი, რთული მოლაპარაკებების განმავლობაში - მათ შორის, გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი. ეს არის ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ სამყაროში, გყავდეთ მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ენდოთ და დაეყრდნოთ. ჩვენი ალიანსები ამერიკელებს უფრო უსაფრთხოს ხდის.


ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: მე არ შევწყვეტ მუშაობას, ვიდრე მთელ მსოფლიოში უსამართლოდ დაკავებული ან მძევლად მყოფი ამერიკელი არ დაუბრუნდება ოჯახს. ჩემმა ადმინისტრაციამ სახლში დააბრუნა 70-ზე მეტი ასეთი ამერიკელი, რომელთაგან ბევრი ტყვეობაში იმყოფებოდა ჩემს თანამდებობაზე მოსვლამდე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ოჯახი იტანჯება და განცალკევებულია საყვარელ ადამიანებთან და მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამ ამერიკელების სახლში დაბრუნებაა,“ წერია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.


დღესვე, რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებულ ამერიკელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვდება. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მათთან შეხვედრის მიზნით, ჰიუსტონიდან ვაშინგტონში ბრუნდება.


მანამდე, თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) გაავრცელა ცნობა, რომ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის გაიცვალა 26 დაკავებული პირი.

მისივე თანახმად, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებულია გათავისუფლებული - ისინი შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელორუსში.


„გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის, ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს,” - ნათქვამია განცხადებაში.


MIT ადასტურებს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულია რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი (რედ. კრიგერი ბელორუსის ლდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეიწყალა), რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. თურქული მხარე აცხადებს, რომ ის გაცვლაში შუამავლის როლს თამაშობდა; ახდენდა პროცესის კოორდინაციას და უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. ამასთან, პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ივლისში თურქეთში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა იყო.


კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ევან გერშკოვიჩისა და პოლ უელანის შეწყალების შესახებ. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსი პატიმრების შინ დაბრუნების მიზნით - იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია "რია-ნოვოსტი."

დასავლეთსა და რუსეთს შორის „პატიმართა დიდი გაცვლის“ ფარგლებში რუსეთის ციხეებიდან მიერ გათავისუფლებული პატიმრები რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა.

"რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკრეტებს, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეები, უილან პოლ ნიკოლასი, ევან გერშკოვიჩი და 11 სხვა პატიმარი შეიწყალეს. შესაბამისი განკარგულებების ხელმოწერის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იყო მიღებული," - წერია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ცნობისთვის, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას, რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.