რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აკისრებს და აღნიშნავს, რომ მან 25-წლიანი მმართველობის პერიოდში სიკვდილი მოიტანა, არამხოლოდ რუსეთში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, სირიაში, ჩეჩნეთში, საქართველოსა და უკრაინაში.
„ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირდაპირ ვლადიმერ პუტინია, რადგან ნავალნი პირადად მისი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეუძლიათ მოქმედება FSB-ს მეორე სამსახურის მომწამვლელებს, საქმეების განხილვა და სასჯელების გამოტანა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, ციხის მაღალჩინოსნებს კი, პატიმრების წამება.
ამ კაცმა, მისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში, მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამე საცხოვრებელი ბინებში ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა.
ეწირებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, ხარბი მოხუცი კაცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ყველას, ვისგანაც საფრთხე შეექმნება მის ძალაუფლებას," - წერს კარა-მურზა სოციალურ ქსელში.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.