უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს.
„7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონებად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. „ბორდერიზაცია“ განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები,“ - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს.
„უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს.
რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება და ღრმად ფესვგადგმული შოვინიზმისგან, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილისგან შედგება. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი, უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის ეპიზოდია, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.