„ქართული ოცნება“: ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებით, „მტკნარი სიცრუეა, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. პარტიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ქონება არ შეუძენია. 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია.“


„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია, როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა.


მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არცერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა.


რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს – არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის სამ ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც, 11 წელია, ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია, ჩავთვალოთ იმ 13-წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ, რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს.


ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრესსამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომც იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არცერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია.


ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა.

მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს,“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებაში.


დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა „აი, ფაქტის“, OCCRP-ს, iStories-ის (რუსეთი), GMC-ს, „სტუდია მონიტორისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება. მასში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის, ამ ქონების ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა.