აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე, არჩევნებსა და რუსეთზე

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, თბილისში იმყოფებიან სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი. ამერიკელმა სენატორმა 11 აგვისტოს გამართული პრესკონფერენცია ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერაზე საუბრით დაიწყო. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ორპარტიული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.


„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა; დასავლეთისკენ სწრაფვა, რათა მხარი დაუჭირონ მათ მისწრაფებას ევროკავშირში და მათ ინტერესს, გააგრძელონ დემოკრატია,“ აღნიშნა სენატორმა. მან საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოსაც გაუსვა ხაზი.


„პარასკევს და შაბათს, ჩვენ დრო დავუთმეთ შეხვედრებს. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს. ვიმყოფებოდით „ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზზე“ „სამხრეთ ოსეთის“ პირას. მქონდა შესაძლებლობა, პირადად გვენახა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას მაშინ, როდესაც 16 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან.


მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ახალგაზრდებს გორის რეგიონიდან, რომლებიც საუბრობდნენ მათი ერთგულების შესახებ საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ. შევხვდით მეწარმეებს გორის რეგიონში, რომლებიც მუშაობენ საკვები პროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში.


აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ვართ ერთგულნი აშშ-საქართველოს პარტნიორობისადმი, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული სვლა. „გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.“ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან.


ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.


ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ თითქოს, აშშ-ს ჰქონდა ინტერესი, საქართველოში გადატრიალება მოეწყო, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ-ში ამით არავინ არ არის დაინტერესებული და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ - აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.


მაიკ ტერნერი: ეს გახლავთ ორპარტიული ვიზიტი. შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამუშაო, რომელიც ჩვენ საქართველოში გავწიეთ, მხარდაჭერას იღებს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და ორივე პარტიაში.


მინდა, ასევე, გამოვეხმაურო ჩვენს ელჩს, რომელიც სიამაყით ასრულებს ამერიკის სამუშაოს საქართველოში და ხელს უწყობს შესანიშნავ ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკას შორის. საქართველოში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა მათ უზრუნველყონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ორივე მტკიცედ და ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად.


სამყაროში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს, მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისათვის გვაქვს ძლიერი პარტნიორობა.


გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვის აქ ვართ, რომ ჩვენი წუხილი გამოვთქვათ, ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ერთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. იმედგაცურებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როდესაც ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება.


კითხვა-პასუხი

შეკითხვას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ, რომ მან პარტნიორების ნდობა დაიბრუნოს, სენატორმა შაჰინმა უპასუხა, რომ „იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს, რომ გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.“


მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან ამერიკას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა.


„ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს, ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა - ეს არის ძლიერი ურთიერთობები. აშშ-ის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში.


ამერიკა ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს.


იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით,“ - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.


ამასთან, მაიკ ტერნერმა ხაზი გაუსვა, რომ „პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა.“

„მას არ უთქვამს რაიმე გეგმის შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობებს. რაც მინიშნება იქნებოდა. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახევს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს,“ - განაცხადა კონგრესმენმა.


შეკითხვას ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე, სენატორმა შაჰინმა უპასუხა, რომ ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს, რომ მათაც იგივე აინტერესებთ.


„30 წელზე მეტია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს ძალიან უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო.


უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს, ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათაც იგივე აინტერესებთ,“ - აღნიშნა სენატორმა. კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს არ თქმულა პოლიტიკა, რომელიც მიუთითებდა ურთიერთობების გადატვირთვაზე.


შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებულთა სიაში იქნება თუ არა „ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე, რასაც სენატორმა იმედგამაცრუებელი უწოდა.


„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე," - აღნიშნა შაჰინმა. მანვე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ განუმარტეს მთავრობის წარმომადგენლებს თავისი წუხილი, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე.


„დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, საქართველოს მთავრობას ზუსტად იმ პერიოდში შემოჰქონდა „რუსული კანონი.“გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ მისი მიღების ფაქტი, გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე, რომ ამას ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა.


სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ; სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ - ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით; ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა.


არ მესმის ეს, რადგან, რასაც ჩვენ ვისმენთ, საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ვისაც შევხვდით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩემი აზრით, როგორც გითხართით, ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს], მივუთითეთ, რომ იქნება შედეგები, ამას ექნება ურთიერთობებზე გავლენა და ზუსტად ეს ხდება ახლა,“ - განმარტა შაჰინმა.


„ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება,“ - ასე უპასუხა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება.


ტერნერის თქმით, ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას და ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს .


„ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, არსებობს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.


თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და პირადად მის მიმართ კრიტიკას. ჩვენ შევეცადეთ, განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი - დიალოგი, გულისხმობს კრიტიკას, ასე ხდება პოლიტიკის ფორმულირება, ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. ჩვენ მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრს, რომ გაერკვეს - დიალოგი, დემოკრატიული დებატი, გულისხმობს კრიტიკას, რაზეც ის უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას,” - განაცხადა კონგრესმენმა.


თავის მხრივ, სენატორმა, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პარტია, ამერიკა საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს.


„მე ასევე გამოვეხმაურები იმას, რაზეც კონგრესმენმა ტერნერმა ისაუბრა. პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პრეზიდენტი - დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, არ ველი, რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში - სენატში და წარმომადგენელთა პალატაშიც, კანონმდებლობა შეტანილია, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას,” - აღნიშნა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.


შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას გამოჩნდა, შაჰინმა უპასუხა, რომ სწორედ არჩევნებია ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იმყოფებიან ის და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში, ამ მნიშვნელოვან დროს.


„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ მნიშვნელოვან დროს, გახლავთ მოსალოდნელი არჩევნები. გვსურდა, დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი,“ - აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფების მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს.


„გვსურდა, გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა. ვინც უზრუნველყოფს, რომ ეს არჩევნები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩემი აზრით, ჩვენ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას არჩევნების პერიოდშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.


დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ყველა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია.


მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.