უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება.


ზელენსკი ამბობს, რომ რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება.


„უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” - განაცხადა თავის მხრივ, სირსკიმ.


ცნობისთვის, კურსკის ოლქი სულ რაღაც 30 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის აშშ--ის მერილენდის შტატის ან გერმანიის ბრანდენბურგის ზომის არის.

უკრაინის საზღვრისპირა შეჭრა მეზობელ კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო და 12 აგვისტოსთვის უკრაინამ განაცხადა, რომ აკონტროლებდა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს. როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კურსკის რეგიონში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა და ამით უკრაინელთა წინსვლის შეჩერება შეძლო.


რუსეთი უკრაინულ ძალებზე იერიშის პარალელურად კურსკის და ბელგოროდის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს, ბრიტანული "როიტერი" წერს, რომ უკრაინის შეჭრიდან ერთი კვირის თავზე რუსეთმა 200 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მისი სურვილია, ომი "აგრესორის მიწაზე" გადავიდეს.


12 აგვისტოს, დღის მიწურულს, მოსახლეობისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პარალელი გაავლო 2000 წელს ჩაძირულ რუსულ ატომურ წყალქვეშა გემ K-141 “კურსკსა” და რუსეთის რეგიონ კურსკს შორის.


„24 წლის წინ, “კურსკის” კატასტროფა მოხდა, [ეს იყო] პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა უკვე ვიცით რა იქნება მისი ბოლო - ისევ კურსკი. ასე ემართება ყველას, ვისაც სძულს ადამიანები და წესები. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს და ახლა ომი სახლში ბრუნდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღუპული ან დაჭრილი მებრძოლების, ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას, ტრადიციულად, არც კიევი და არც მოსკოვი არ ასაჯაროებენ.