გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ 14 აგვისტოს დახურულ სხდომაზე განიხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.
საბჭოს წევრმა სახელმწიფოების ჯგუფმა: საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, მალტამ, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალმა წევრებმა – საბერძნეთმა და დანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს საკითხზე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გაკეთდა. განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტისა და თავისი ძალების გაყვანის შესახებ საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე.
„2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთმა განაგრძო ეს გზა. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის უხეშ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთი დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონებში პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე 2024 წლის ივნისში „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას,“ – უშიშროების საბჭოს წევრების სახელით განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მფრანჩესკა გატიმ. ისინი ასევე გმობენ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს.
„ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს, რაში დამნაშავეებიც ამ დრომდე არ არიან დასჯილი და პასუხისგებაში მიცემული“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.