ომიდან მე-16 წლისთავზე, პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ

აგვისტოს ომიდან მე-16 წლისთავზე, პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის aგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით:

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი: დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით.


შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა.




ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია: „რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეუთოს ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ.“


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც ამ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობაში დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას.


საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. მხოლოდ დისკუსიის ეს ჩარჩო მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტის სასარგებლოდ.


საფრანგეთი, თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის და საქართველოს ევროპულ გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.



მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „16 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულნი ვართ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობის გამო.“


ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტი კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.“


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „რუსეთის შეჭრა საქართველოში 16 წლის წინ იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იგივე ძველი მოდელის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალა აჭარბებს საერთაშორისო სამართალს და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება.“


ლიეტუვის პრემიერი: „16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი.“


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა: „დღეს 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.“



პოლონეთის საელჩომ თბილისში ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „თექვსმეტი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. აგრესიის წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების ანექსიას.“


გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „7 აგვისტო, 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“


ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინ არაკელიანმა გააზიარა ევროკავშირის განცხადება და დაწერა: „დღეს 16 წელი გავიდა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოში. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“


დანიის ელჩმა საქართველოში ენ ტოფტ სორენსენმა ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „დღეს ჩვენ ვუერთდებით საქართველოს და პატივს მივაგებთ იმ მამაცი ქართველების ხსოვნას, რომლებმაც 16 წლის წინ სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“



იტალიის საელჩო თბილისში: „2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების 16 წლისთავთან დაკავშირებით, იტალია კვლავ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“


რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო სამხედრო თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა და რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითია აღმოსავლეთ სამეზობლოში. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება.“


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი: „დღეს 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. შვედეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. შვედეთი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“


სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-16 წლისთავზე, სლოვენია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართალის დაცვის თაობაზე.“


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. დღეს, 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“


მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.“