საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოოს დღეს, 15 აგვისტოს. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიზეზებზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უარს ამბობს ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე:
„მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ.“
პრეზიდენტის თქმით, არსებობს მეორე მიზეზიც - ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დასრულებულა და პარალიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში 8 სექტემბრის შემდეგ ბრუნდებიან.
„წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას... არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საზეიმო ღონისძიებას სექტემბერში გამართავს.
„პრეზიდენტი ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი - ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ, ასე მოხდება, თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს,“ - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით.
„(პრეზიდენტი) ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ . მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როდესაც სრულდება ოლიმპიური თამაშები, ოფიციალური მიღება ტარდება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. აქტუალური არ არის ეს განცხადება. დაჯილდოება მისი საქმეა, როგორც მოგეხსენებათ, ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს, ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება.
იცით, რომ სამწუხაროდ ორდენებით დაჯილდოების ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. 2021 წელს, როდესაც ანალოგიური დახვედრა გაიმართა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით დაჯილდოება. ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ ასე მოხდება. თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს. ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება,“ - აღნიშნა კობახიძემ.
12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:
- ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
- ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული;
- გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:
- ტატო გრიგალაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
- ილია სულამანიძე - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
- გივი მაჭარაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
- ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა, პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს პარალიმპიადაში 14 სპორტსმენი წარადგენს.