პრეზიდენტი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვისას, ოკუპაციისგან გათავისუფლება უსურვა.

„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა, გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.


უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ.


„დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ... ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.