კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” ყველა იმ ოპოზიციური ძალის აკრძალვას გეგმავს, რომელიც მომავალ არჩევნებში მას უპირისპირდება. ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კობახიძემ უპასუხა, რომ ესაა კოალიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო და ასევე “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც “განეკუთვნება – “ახალი”, “გირჩი”, “დროა“, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“.


მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება გადალახავენ.


მან პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ ლოგიკური იქნება, გაუქმდეს ამ პარტიის სახელით მიღებული საპარლამენტო მანდატები.


„მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში, ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით,“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მიდგომა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ყველა ოპოზიციური პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და უნდა აიკრძალონ, მოიტანს თუ არა იმას, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტი იქნება ერთპარტიული.


პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას: იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე საუბრობს, გაუუქმდებათ თუ არა მანდატები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დეპუტატებსაც, რომლებიც პარლამენტში შევლენ.


„ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების განულება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება. პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კობახიძემ.


მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, პარლამენტის სავარაუდოდ ერთპარტიულად დარჩენის შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ კრიტიკაზე, როგორც ეს იყო 2020 წელს და ასეთ ვითარებაში, ეს პროცესი შეუშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციას.


„მაშინ სხვა დრო იყო. თქვენ გახსოვთ, პირდაპირ რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ ძალებს, ეს ვერ განმეორდება საქართველოში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მერწმუნეთ, რომ ასეთი მცდელობა საქართველოში ვეღარავის ვეღარ ექნება, ხელოვნურად მოაწყოს ამ ქვეყანაში რევოლუცია. მაშინ კონკრეტული ძალები პირდაპირ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას ამ ქვეყანაში. დღეს, სხვა სიტუაციაა, ასეთი რამ ვერ განმეორდება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ...


მოლდოვის პარლამენტი დღეს, პრაქტიკულად, ერთპარტიულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არაფერი ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს.


მე მგონია,რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“ პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.


თქვენ გახსოვთ, რომ ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ ოპოზიციურ ძალას, მათ შორის მარიონეტს სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. როგორც კი აიკრძალება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება დაბრკოლებები ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, 20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო.


ცნობისთვის, 2023 წლის 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პრორუსული პარტია „შორი“. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის მოქმედ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმეს, ისინი მუშაობას აგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.


მმართველი პარტიის („მოქმედება და სოლიდარობა“) გარდა, მოლდოვის პარლამენტში წარმოდგენილი არიან კომუნისტებისა და სოციალისტების ოპოზიციური ბლოკი და დამოუკიდებელი დეპუტატები.


რაც შეეხება უკრაინას, 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეაჩერა 11 პრორუსული პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, ვიდრე საომარი მდგომარეობა მოქმედებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ პარტიების წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში მიტაცებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის დამყარებასა და ფსევდო-რეფერენდუმების ორგანიზებაში.


2022 წლის მაისში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ანტიუკრაინულ საქმიანობაში მონაწილეობენ.

უკრაინაში აკრძალული პარტიებიდან ყველაზე დიდია პრორუსული პარტიაა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც უკრაინის პარლამენტში 450 ადგილიდან 44 მანდატი ჰქონდა. მისი ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკია, პრორუსი ოლიგარქი, რომელსაც უკრაინაში ბრალი ედება სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში. მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა. ის რუსეთმა უკრაინას 200 “აზოველ” ტყვეში გაუცვალა.


უკრაინაში აკრძალული კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია „ჩვენის“ ლიდერი ევგენ მურაევია. 2022 წლის იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მოსკოვი სამხედრო აგრესიის შემდეგ კიევში ლიდერად მურაევის დასმას განიხილავდა.